საქართველოს პრემიერი „კონსერვატიული პარტიების“ შეკრებაზე.
ირაკლი კობახიძეს დღეს უნგრეთის დედაქალაქში მოუსმინეს. ეროვნული იდენტობის დაცვა, ფსევდოლიბერალური პროპაგანდის საფრთხეები და უკონტროლო მიგრაციის ნეგატიური გავლენა მთავრობის მეთაურის გამოსვლის მთავარი მიმართულებები იყო. 50 წლის წინ დაფუძნებულ „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ის საკონსტიტუციო ცვლილებები გააცნო, რომლებმაც ქვეყანაში პოლიტიკური ვნებათაღელვა გამოიწვია. ოჯახური ღირებულებებისა და ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან დაცვის მოტივით მომზადებული პროექტი ირაკლი კობახიძემ ტრადიციული ღირებულებების დაცვის კონტექსტში წარმოადგინა. მისი მთავარი გზავნილი იყო, რომ თანამედროვე გამოწვევების ფონზე ეროვნული იდენტობის დასაცავად ძალისხმევა გასააქტიურებელია. კონფერენციაზე მყოფებს მიმართა უნგრეთის პრემიერმაც, რომელმაც მოგვიანებით ქართველი კოლეგა პირადად მიიღო. საქართველოს ევროინტეგრაცია და ევროპული პერსპექტივა ვიქტორ ორბანთან საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.
„მოამბე“ ბუდაპეშტშია, – ანა ბროლაძე გაგვაცნობს, როგორ ჩაიარა ვიქტორ ორბანთან შეხვედრამ.