ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარალელური დათვლის მსგავსად, ხმების ზედმეტობის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ რვაპროცენტიანი მაჩვენებელიც სიყალბეა, რაც ხელოვნურ მანიპულაციაზე ეჭვებს ამძაფრებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, „სამართლიან არჩევნებს“, დაახლოებით ერთი კვირის წინ მოუწოდეს, გამოექვეყნებინა იმ საარჩევნო უბნების მონაცემები, სადაც, მათი მტკიცებით, ხმების ზედმეტობა დაფიქსირდა, თუმცა, ორგანიზაციას მონაცემები ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, ამის მიზეზი ის არის, რომ სინამდვილეში, ქვეყნის მასშტაბით, იმ უბნების რაოდენობა, სადაც ხმების ზედმეტობა დაფიქსირდა, ცესკო-ს მიერ მონაცემების დაზუსტებამდე იყო დაახლოებით ერთი პროცენტი, ხოლო დაზუსტების შემდეგ, დაახლოებით, ნახევარი პროცენტი. თავად „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლები ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ.