ირაკლი კობახიძის განცხადება - პოლიტიკური შეფასებები

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ვნებათაღელვა არ ცხრება რუსეთის ერთდღიანი არშემდგარი ამბოხის გარშემო.

წინა კვირას განვითარებულ მოვლენებზე ოპოზიციის რეაქციებს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ დღეს სპეციალური განცხადება მიუძღვნა. ირაკლი კობახიძემ „ვაგნერის“ ხელმძღვანელ პრიგოჟინის ამბოხზე ოპონენტთა ნაწილის გამოხმაურებებში მეორე ფრონტის გახსნის და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ტანკებით შესვლის სურვილი ამოიკითხა. მმართველი გუნდის ლიდერმა დღეს ოპოზიციის ნაწილს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ქვეყანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მხოლოდ სამშვიდობო გზას განიხილავს. წერილს საკმაოდ მძიმე რეაქციები მოჰყვა. ცალკეული ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას პუტინის რეჟიმის გულშემატკივრობაში ადანაშაულებენ, თავად კი იმის მტკიცება უწევთ, რომ არ შემდგარი ამბოხის დროს უკრაინის ომში არაერთი სასტიკი ქმედებით გამორჩეული პრიგოჟინის გულშემატკივრები არ იყვნენ.