პოლიტიკურ ლიდერებზე თავდასხმის საფრთხეზე ლაპარაკობს საქართველოს პრემიერ მინისტრი.
ირაკლი კობახიძემ განცხადება დღეს პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, განსაკუთრებით ის პოლიტიკოსები, რომლებზე თავდასხმაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მფარველების მხრიდან საარჩევნო პროცესისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის ყველაზე ეფექტიანად შეიძლება იქნეს გამოყენებული. კობახიძეს კითხვა დაუსვეს, რაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ოპოზიციონერი ლიდერებიც საფრთხის ქვეშ არიან – მთავრობის მეთაურის თქმით, ასეთ თემებზე ოპოზიციურ პარტიებში მუდმივად ლაპარაკობენ და „ქართულ ოცნებას“ აქვს შესაბამისი ინფორმაცია.
პოლიტიკურ ლიდერებზე შესაძლო თავდასხმის საფრთხეზე ირაკლი კობახიძის განცხადებას პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან.