საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, იუჯინ რუგენაათს შეხვდა. შეხვედრის ძირითადი თემა იყო გასული სამი ათწლეულის განმავლობაში საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და ის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც ბანკის მხარდაჭერამ შეასრულა ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და განვითარების პროცესში. აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკის დაფინანსებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, მათ შორის – საგზაო ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში, ასევე – რეგიონული, მუნიციპალური და ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებებით, რომელთა საერთო ღირებულებამ 4 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ბანკის მიმდინარე პორტფელი საქართველოში კი 15 პროექტს მოიცავს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 1,5 მილიარდი აშშ დოლარია. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობისთვის მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების პრიორიტეტულობას, ასევე სტრუქტურულ, ადამიანური კაპიტალის რეფორმებს და მსოფლიო ბანკის მნიშვნელოვან მხარდამჭერ ინიციატივებს ამ მიმართულებით, რისთვისაც პრემიერმა ბანკს მადლობა გადაუხადა.