ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო მთავრობათა სამიტზე

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, ცნობილი ბიზნესმენები, მსხვილი საერთაშორისო და საფინანსო კომპანიების ხელმძღვანელები ერთ სივრცეში – დუბაი მსოფლიოს მთავრობათა საიუბილეო სამიტს მასპინძლობს.

მონაწილეებს პირველად მიმართა საქართველოს პრემიერმა. საკუთარი გამოსვლა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის გაუმჯობესებული ეკონომიკური მაჩვენებლების, ორნიშნა ეკონომიკური ზრდის, ბოლო სარეიტინგო მონაცემების და საინვესტიციო კლიმატის პრეზენტაციისთვის გამოიყენა. როგორ უნდა იქცეს გაუარესებული უსაფრთხოების და გამოწვევების ფონზე საქართველო რეგიონულ ჰაბად და როგორ უნდა გაუმჯობესდეს მისი სატრანზიტო პოტენციალი – ეს მიმართვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო. ბუნებრივია, ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დაანონსებული მასშტაბური ენერგეტიკული პროექტები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომის და ევროპის ენერგეტიკული კრიზისის ფონზე საქართველოს სატრანზიტო მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.