საქართველოში ეკონომიკისა და ფინანსური სექტორის განვითარება, შუა დერეფნის მნიშვნელობა, კომერციული არბიტრაჟის გაძლიერება, მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა იყო დღის წესრიგის ძირითადი თემები ინვესტორთა საბჭოს 22-ე სხდომაზე, რომელიც დღეს გაიმართა. საბჭოს სხდომა საქართველოს პრემიერმა გახსნა. ირაკლი კობახიძემ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით არსებულ დადებით ტენდენციებზე ისაუბრა. პრემიერმა ხაზი გაუსვა ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი გაძლიერების პროცესში ინვესტორებისა და ბიზნესის მნიშვნელობას. ინვესტორთა საბჭოში შემავალი წევრი ბიზნეს ასოციაციების და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ბიზნესისთვის აქტუალური საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. საბჭოს წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში.