მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ მიერ ხმათა 50%-ზე მეტის მიღებას ვარაუდობს.
ახალ სატელევიზიო ინტერვიუში მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ვრცლად ისაუბრა, რა ხდებოდა მმართველ გუნდში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნამდე. „ქართული ოცნების“ ლიდერი არ უარყოფს, რომ პროექტის ჩაგდებამ დანაპირების შეუსრულებლობის და რამდენიმე თანაგუნდელის წასვლის გამო მმართველი გუნდიც დააზიანა, თუმცა ხაზს უსვამს, რომ 24 ივნისს გამოცხადებული გადაწყვეტილება ეს იყო კეთილი ნება და არა ვინმესთან შეთანხმება. ინტერვიუს დროს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტები უწოდა ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ მათი საქმიანობის გამო მმართველმა გუნდმა ამერიკის ხელისუფლებას მიმართოს.