მეორე ტალღის შემდეგ პირველად საქართველოში კოვიდ-ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 2 000-ს ასცდა.
მკვეთრად გაზრდილ მონაცემებს ეპიდემიოლოგები აღდგომის დღეების გამო გადადებულ ტესტირებას უკავშირებენ. ეპიდემილოგიური სიტუაციის ყოველდღიური დამძიმების მიუხედავად, შეზღუდვების ამოქმედება არ განიხილება. მესამე ტალღის პიკს მაისის შუა რიცხვებში პროგნოზირებენ. ინფექციის სწრაფი გავრცელების შესაჩერებლად რეგულაციების აღსრულების მკაცრ კონტროლთან ერთად ვაქცინაციის ტემპების დაჩქარება იგეგმება. ორ დღეში ჩინური „სინოფარმით“ უკვე 2 300-მდე ადამიანია აცრილი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შუალედური ანგარიშის წაკითხვის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრო საჩუქრად მიღებული ჩინური „სინოვაკის“ გამოყენებასაც არ გამორიცხავს. მოლაპარაკებები დაწყებულია და ზაფხულში ქვეყანაში „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ და „ნოვავაქსის“ ვაქცინებსაც ელოდებიან.