კორონავირუსის პანდემიის პიკის გადავლის შემდეგ ჯანდაცვის სექტორი ახალი გამოწვევის წინაშე დგას.
ქვეყანაში სეზონური ინფექციები მასობრივად ვრცელდება. მათ შორისაა გრიპის ე. წ. ჰონგ კონგური ვარიანტი, ბრონქების ანთება, ადენოვირუსები. ბავშვების მშობლების მხრიდან საავადმყოფოებში მიმართვიანობის მაჩვენებელი „კოვიდ-19“-ის ყველაზე მასშტაბური გავრცელების მქონე შტამის, „ომიკრონის“ აფეთქების მსგავსია. გამოძახება იმდენად ხშირია, რომ მოქალაქეებს სასწრაფო დახმარებების ბრიგადების ლოდინი საათობით უწევთ. ეპიდემიოლოგები ინფექციური დაავადებების პიკის გადავლას თვის ბოლოსთვის ვარაუდობენ, მანამდე კი მშობლებს მცირეწლოვნების ხალხმრავალ ადგილებზე ტარებისგან თავის შეკავებას ურჩევენ.