პასუხი უნებართვო ვიზიტებზე.
უკვე მეორედ მმართველი გუნდი პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. შესაბამისი მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს დღეებში, არჩევნებამდე შევა. თუ სასამართლო, შარშანდელის მსგავსად, სახელმწიფოს მეთაურს ქვეყნის უზენაესი კანონის დამრღვევად ცნობს, ხელისუფლება საკანონმდებლო პროცედურის წარმართვას ახალი მოწვევის პარლამენტში გეგმავს. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მივა თუ არა ამჯერად მაინც პროცესი ბოლომდე. იმპიჩმენტის წესით პრეზიდენტის გადასაყენებლად მინიმუმ 100 ხმა არის საჭირო. სალომე ზურაბიშვილს, რომელიც 2018 წელს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით იყრიდა კენჭს, საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება. სახელმწიფოს მეთაურს გადააყენებენ თუ თანამდებობას უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ დატოვებს – ამ კითხვას პასუხი იმის მიხედვით გაეცემა, თუ არა პოლიტიკური მოცემულობა იქნება 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. ევროპის ქვეყნებში უნებართვო ვიზიტები, საარჩევნო პროცესებში ჩარევა – მმართველი პარტიის მიერ იმპიჩმენტის მიზეზად დასახელებულ არგუმენტებს მძიმე რეაქცია მოჰყვა ოპოზიციისგან.