ილიაუნის სტუდენტების მოთხოვნა

ილიაუნის სტუდენტების ნაწილი უნივერსიტეტის რექტორს რეორგანიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გასაუქმებლად 19:00 საათამდე აძლევს დროს.

ახალგაზრდების ნაწილი აკადემიური საბჭოს შეკრებას ითხოვს, სადაც განხილული უნდა იყოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ბიზნესსკოლა დამოუკიდებელ ფაკულტეტად აღარ არსებობს და ასევე, გათავისუფლდა მისი დეკანი გიორგი ქადაგიძე.

რექტორმა გიგა ზედანაიამ დააკმაყოფილა სტუდენტების მოთხოვნა აკადემიური საბჭოს შეკრებასთან დაკავშირებით, თუმცა მეცნიერების ჯგუფი შეკრებას მხოლოდ ორშაბათს შეძლებს.

თუ რა სამოქმედო გეგმა აქვთ სტუდენტების საინიციატივო ჯგუფს, მიცემული ვადის გასვლის შემდეგ გახდება ცნობილი.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით შეიქმნა ახალი, მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი, სადაც ერთიანდება სამი სხვადასხვა დამოუკიდებელი ფაკულტეტი, მათ შორის ერთ-ერთი ბიზნესსკოლაა.