ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ავტორიზაციის საბჭოს დასკვნის საჯარო განხილვა გაიმართა. უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორებს და სტუდენტებს ავტორიზაციის საბჭოს დასკვნის დეტალები გააცნო და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის მენეჯმენტის აზრით, საბჭოს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ იქნა მიღებული. რექტორის, ნინო დობორჯგინიძის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით უნივერსიტეტი სამართლებრივ დავას დაიწყებს. შეგახსენებთ, რომ ილიაუნს ავტორიზაცია გასული თვის ბოლოს მიენიჭა, რასაც წინ ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შემოწმება უძღოდა. საბჭოს სხდომის ოქმის თანახმად, უნივერსიტეტს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი 6 წლის ვადით მიენიჭა, თუმცა – ერთი წლის ვადაში ანგარიშის წარმოდგენის პირობით. ამასთან, საბჭომ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს შუამდგომლობით მიმართა, უნივერსიტეტის მიერ რეკომენდაციების შესრულების შეფასების მიზნით, ერთი წლის თავზე გეგმური მონიტორინგი

ჩაატაროს. რეკომენდაციებს შორისაა შიდადოკუმენტაციის სწორად და დროულად განახლება, საკანონმდებლო ცვლილებების მყისიერი დანერგვა, განსაკუთრებით – საგანმანათლებლო პროგრამების ნაწილში, ინგლისურენოვანი ვებგვერდის სრულყოფა და სხვა.

დღეს გამართულ განხილვასთან დაკავშირებით ავტორიზაციის საბჭოს წევრების მხრიდან კომენტარი არ გაკეთებულა.