ილიაობა ყვარელში

დილიდან ხალხმრავლობაა ყვარელში, ილია ჭავჭავაძის მშობლიური ქალაქი დღეს მწერლისა და საზოგადო მოღვაწის დაბადებიდან 187 წელს აღნიშნავს.

ამ დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების დაწყებამდე, ილიას ბარელიეფი ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს. ღონისძიებები იმართება ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოწყობილია სამეწარმეო და კულინარიული სივრცეები, გამოფენილია ღვინოები, ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს კონცერტი და ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები გამოდიან მაყურებელთა წინაშე. ილიაობის დღესასწაული საღამომდე გაგრძელდება, საღამოს კონცერტს გამართავს ჯგუფი „ურსა“. ღონისძიება კი ფოიერვერკით დასრულდება.