„საფრანგეთი, როგორც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყანა მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით, ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს, როგორც ამას თანათავმჯდომარის მანდატი ავალდებულებს“- განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა „ფრანს 24“-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, თითოეულ ქვეყანას ჰყავს მოკავშირეები და ამის წინააღმდეგი არავინაა, რამდენადაც საფრანგეთი, შუამავლის დაკისრებულ მანდატს ასრულებს. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ყარაბაღის კონფლიქტში თურქეთის სამხედრო მონაწილეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ყალბ ცნობებს უწოდებს. ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანი იყენებს თურქეთის მიერ წარმოებულ სამხედრო აღჭურვილობას, ისევე როგორც რუსეთის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების მიერ წარმოებულ შეიარაღებას, თუმცა რაც შეეხება თურქულ კონტიგენტს, ის ამ პროცესში მონაწილეობას არ იღებს. ამასთან, ილჰამ ალიევის განმარტებით, „ეფ-16“ ტიპის თურქული ავიაგამანადგურებლები ქვეყანაში თურქეთთან წარმოებული ერთობლივი წვრთნების შემდეგ დარჩა. თუმცა, მათ არ იყენებენ.