„ერთი მხრივ, ევროპა აზერბაიჯანს სთხოვს გაზის წარმოების გაზრდას და ევროპაში ტრანსპორტირებას, მეორე მხრივ კი, არ აფინანსებენ“ – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შუშის გლობალურ მედიაფორუმზე განაცხადა. ილჰამ ალიევის თქმით, ბაქომ აირჩია დე ფაქტო დამოუკიდებლობა, დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა, თვითკმარი ეკონომიკა, ეფექტური თანამშრომლობა პარტნიორებთან. ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სახეზეა ისტორიული ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში, სადაც მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებები ხდება.
შუშის გლობალურ მედიაფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აშშ-თან ურთიერთობებზე ისაუბრა და თქვა, რომ რესპუბლიკელების ადმინისტრაციებთან ქვეყნის ურთიერთობები იყო წარმატებული და შედეგებზე ორიენტირებული. ალიევს ასევე ჰკითხეს, თუ ვის გამარჯვებას ისურვებდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, რაზეც აზერბაიჯანის ლიდერმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური კულტურა არ აძლევს შესაძლებლობას, დაასახელოს სასურველი კანდიდატი, თუმცა, მისი თქმით, მნიშვნელოვანია დონალდ ტრამპის გზავნილი, რომ მისი პრეზიდენტობისას ომები არ ყოფილა.