იენს სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტი დასრულდა

ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში დასრულდა. იენს სტოლტენბერგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გააცილა. ილია დარჩიაშვილმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოში ვიზიტისთვის და აღნიშნა, რომ ეს ახალ იმპულსს შესძენს ნატო-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს. გუშინ კი შეხვედრების დასრულების შემდეგ, იენს სტოლტენბერგს და მის დელეგაციას, საქართველოს პრემიერმა მთავრობის წევრებთან ერთად, ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მაღალი რანგის სტუმარს საქართველოში ჩამოსვლისთვის და აღნიშნა, რომ ეს საქართველოს მიმართ მხარდაჭერის კიდევ ერთი ძლიერი გამოხატულებაა. სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერი თბილისს გუშინ ესტუმრა. ის საქართველოში აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა. თბილისიდან კი სომხეთში გაემგზავრა. ეს იყო იენს სტოლტენბერგის მეოთხე ვიზიტი საქართველოში.