ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი - პოლიტიკური შეფასებები

არაერთგვაროვანი შეფასებების თემაა ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტის დროს გაკეთებული განცხადებები.

ხელისუფლება და ოპოზიცია იენს სტოლტენბერგის გზავნილებს სხვადასხვანაირად კითხულობენ. ორივე მხარე თანხმდება, რომ გლობალური გამოწვევების და გაუარესებული უსაფრთხოების ფონზე რუსეთის აგრესიის საფრთხის ქვეშ მყოფ ქვეყანაში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ლიდერის ვიზიტი განსაკუთრებული მხარდაჭერის გამოხატულებაა. თუმცა „ქართული ოცნების“ ოპონენტები აქცენტს სტოლტენბერგის გამოსვლის იმ ნაწილზე აკეთებენ, რომელიც რეფორმების გაძლიერებას და მოახლოებულ არჩევნებს ეხებოდა. ოპოზიციის ნაწილს შენიშვნები აქვს პრემიერის გამოსვლის შინაარსზეც. მმართველი პარტია გუშინდელი ვიზიტის შემდეგ ნატო-საქართველოს ურთიერთობის ახალ დონეზე გადასვლას და ინტეგრაციის პროცესში ხელშესახებ შედეგებს ელის.