არასამთავრობო ორგანიზაცია „იემსის“ ორგანიზებით დეპუტატების ნაწილსა და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების წევრებს შორის დახურული შეხვედრა გაიმართა.
განიხილეს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ბოლო დროს შექმნილი მდგომარეობა და ამ პროცესში პარლამენტის ჩართულობის საკითხი. დახურულ შეხვედრას პარლამენტის წევრებიდან მხოლოდ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „იემსი“ მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიის საკითხზე პარლამენტში მოკვლევის ჯგუფი უნდა შეიქმნას და მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდეს. აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილი ინფორმაციის მიწოდების მიზნით დღესვე შეერთებული შტატების საელჩოს პრესის დეპარტამენტსაც შეხვდა. ტელევიზიის თანამშრომლები ინფორმაციას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს აცნობენ.