ოთხთვიანი დაპირისპირების შემდეგ პოლიტიკური შეთანხმების პერსპექტივა რეალური ხდება.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი რამდენიმე საათში თბილისში იქნება. შვედი დიპლომატი ხელისუფლებას და ოპოზიციას შეთანხმების მიღწევაში უნდა დაეხმაროს. კონსენსუსისთვის დრო ცოტა რჩება, ამიტომ შარლ მიშელის მიერ თბილისში დატოვებულ ექვსპუნქტიან საკითხებზე პირველი დიალოგი უახლოეს დღეებში გაიმართება. კრისტიან დანიელსონის მედიაციით დაგეგმილ მოლაპარაკებებზე დიდ იმედებს ამყარებს ბრიუსელი, სადაც საქართველოში შექმნილ მძიმე პოლიტიკურ ვითარებას პოლიტიკური დებატები მიეძღვნა. ევროპარლამენტარების მთავარი გზავნილია კრიზისის სასწრაფოდ განმუხტვა, ორივე მხრიდან კომპრომისი და პარტიულზე მაღლა სახელმწიფო ინტერესების დაყენება. იყო მკაფიო მოწოდებები და შენიშვნები როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მისამართით. გამომსვლელთა განწყობებმა და რიტორიკამ აჩვენა, რომ ბრიუსელი საქართველოში არსებული სიტუაციით სერიოზულად შეშფოთებულია და პროგრესის პირველ ნიშნებს 16 მარტისთვის ელოდება.