გრიგოლ ლილუაშვილის განცხადება - გამოხმაურება

წინასაარჩევნო პერიოდში ფალსიფიცირებული ვიდეო-აუდიო მასალის გავრცელებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას პოლიტიკოსები აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ რაიმე ინფორმაცია გასაჯაროვდება, ეს თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და „ქართული ოცნების“ მხრიდან იქნება გამოჟონილი. მმართველი გუნდი კი ამბობს, რომ საფრთხეები არსებობს და „ქართული ოცნება“ ყველა სცენარისთვის მზად არის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გუშინ გაავრცელა, რომელიც წინასაარჩევნოდ ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების შესაძლო გავრცელებას ეხება. სუსის ინფორმაციით, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები არჩევნების წინა დღეებში გეგმავენ ხელოვნური ინტელექტისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული ცრუ ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოყენებული იქნება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება, ცრუ ინფორმაციის გავრცელების მიზანი კი არის ხელისუფლების შტოებს, საპატრიარქოს და დასავლელ პარტნიორებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, საპროტესტო მუხტის ხელოვნურად შექმნა და აგორება, ქვეყანაში დესტაბილიზაციის კერების გაჩენა, რაც საბოლოოდ გამოყენებული იქნება პოლიტიკური მიზნებისთვის.