2023-2024 სასწავლო წლიდან I და II კლასების, ასევე XI კლასის მოსწავლეები ყველა საგანს ახალი სახელმძღვანელოებით ისწავლიან. ხოლო III და IV კლასების შემთხვევაში სიახლე მხოლოდ მუსიკასა და სპორტის სახელმძღვანელოებს შეეხება. განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ კონკურსი კონკრეტული კლასებისთვის სახელმძღვანელოების შექმნის მიზნით ყოველ წელს ცხადდება, რაც უახლესი მოვლენებისა და თანამედროვე სწავლების მიდგომების ასახვის შესაძლებლობას იძლევა.
მიმდინარეობს ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოების თარგმნა ეროვნული უმცირესობების ენებზე. გრიფირების პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, დაინტერესებულ პირს ეძლევა ვებგვერდზე სახელმძღვანელოების გაცნობისა და რეკომენდაციების წარმოდგენის საშუალება, შემდეგ კი ასევე სამინისტრო ახორციელებს დასრულებული გრიფირების პროცესის ანალიზს.