გოგიტა დალაქიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, შს სამინისტრო ოპერატიულ მასალას ავრცელებს
მოქალაქე გოგიტა დალაქიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, ოფიციალურ განცხადებას და ოპერატიულ მასალას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
უწყების ინფორმაციით, 1973 წელს დაბადებული პირი თბილისში ტექნიკური საშუალებით კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების და გავრცელების მცდელობის ფაქტზე დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებული ერთ-ერთ პირს დაჰპირდა, რომ უკანონო ჩანაწერს 3 000 ლარის სანაცვლოდ მოიპოვებდა.
გოგიტა დალაქიშვილი მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე თანხის აღების შემდეგ დააკავეს. ბრალს მას სავარაუდოდ, ხვალ წარუდგენენ.
დაკავებულის ადვოკატი ჩანაწერის არსებობას უარყოფს. ირმა ჭკადუა დღეს მთავარ პროკურატურაში იმყოფებოდა და საქმის მასალები მოითხოვა.