კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებზე შეერთებული შტატების ოფიციალური პირების პოზიციას ეხმაურება და ღია წერილს აქვეყნებს. მისი შეფასებით, ერთ დროს ყველასთვის მისაბაძი ამერიკული დემოკრატიისგან – ახალი ტიპის ფსევდოდემოკრატია ჩამოყალიბდა.
„ის რომ ქართველი პოლიციელები, შიდა პერიმეტრზე გამაგრებულები, იცავდნენ იმ მომენტისთვის საქართველოს პარლამენტის ცარიელ შენობას ვანდალებისგან, რომლებიც ცეცხლით და მახვილით, მთელი ღამის განმავლობაში უტევდნენ, ძალადობდნენ, აგინებდნენ, შეურაცხყოფდნენ, ქვებსა და ბოთლებს ესროდნენ სამართალდამცველებს, რაც მთელმა საქართველომ და მსოფლიომ პირდაპირ ეთერში იხილა, ნუ იტყვი და ეს ამერიკელი ჩინოვნიკებისთვის მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ შემაშფოთებელი ძალადობა ყოფილა. და ეს მაშინ, როდესაც იმავე დღეს, ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტის სივრცეში მიმდინარე სტუდენტების მშვიდობიან საპროტესტო აქციის მონაწილეებზე ამერიკული პოლიციის მიერ შტურმი იყო განხორციელებული. რობოკოპები სცემდნენ, არბევდნენ, სასტიკად უსწორდებოდნენ ახალგაზრდებს. შეანგრიეს კამპუსის ფანჯრები და კარები. დააპატიმრეს 300 სტუდენტი. აი, ეს მივიღეთ ერთ დროს ყველასთვის მისაბაძი ამერიკული დემოკრატიისგან – ახალი ტიპის ფსევდოდემოკრატია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების განულებული ღირებულებებით.
ხაინდრავა განცხადებაში წერს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს საქართველო აუცილებლად მიიღებს, რადგან, მისი თქმით, სწორედ ამერიკული FARA-ს კანონი და ევროკომისიის დირექტივა გვარწმუნებს, რომ ის აუცილებლად სჭირდება ქვეყანას, რათა სამომავლოდ თავიდან ავიცილოთ უცხოური აგენტურის სიჭარბე.