გიორგი კახიანი: მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ომბუდსმენის მიერ წარსადგენი კანდიდატურის შესარჩევად ხელახალი კონკურსის გამოცხადება არის საჭირო
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში სახალხო დამცველის მიერ წარსადგენი კანდიდატურის შესარჩევად ხელახალი კონკურსის გამოცხადება არის საჭირო. მას შემდეგ, რაც ომბუდსმენის მიერ ამ ვაკანტურ პოსტზე დასახელებულმა ზვიად დევდარიანმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, სახალხო დამცველი საკონკურსო კომისიის წევრთა მიერ შერჩეული კანდიდატებიდან ახალს ვეღარ შეარჩევს, რადგან კანდიდატთა დასახელების ვადა პარასკევს ამოიწურა. როგორც გიორგი კახიანი განმარტავს, ამ საკითხს პარლამენტის რეგლამენტის 215-ე პრიმა მუხლი არეგულირებს, რომლის თანახმადაც, საკანონმდებლო ორგანოს უკვე დასახელებული კანდიდატების კენჭისყრების პროცედურის დამთავრების შემდეგ, პროცესის ხელახლა დაწყება მოუწევს. მისივე თქმით, სახალხო დამცველს სამეურვეო საბჭოს წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ პირთაგან ერთის მაგივრად ორი ან სამი კანდიდატი რომ წარედგინა, როგორც მას ამის უფლებას კანონი აძლევს, პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდებოდა.