გიორგი გახარიას გუნდი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ ითანამშრომლებს. სანამ ყოფილი პრემიერი საზოგადოების წინაშე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის რანგში გამოჩნდება, მანამდე მის სამომავლო გეგმებსა და სტრატეგიას „ქართული ოცნებიდან“ წასული და გახარიას გუნდში გადასული დეპუტატები ახმოვანებენ. მეორე დღეა, მათი გადაწყვეტილების გარშემო პოლიტიკური ურთიერთბრალდებები არ წყდება. მმართველი პარტიიდან ყოფილი პრემიერ-მინისტრის თანაგუნდელების წასვლას არასწორად მიიჩნევს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რომელიც უკვე ყოფილ თანაპარტიელებს ასეთივე დასასრულს უწინასწარმეტყველებს. მმართველი გუნდიდან წასულებს ახსენებენ, რომ პარლამენტში ადგილები მმართველი პარტიის დამსახურებით მიიღეს. საპარლამენტო უმრავლესობა გახარიას გუნდის წევრებს საკუთარი პერსონალური რეიტინგების გასაზომად მანდატების დატოვებას ურჩევს.