თანამდებობების გადანაწილებაზე საუბარს არ იწონებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე და სოციალურ ქსელში წერს. „მინდა ვიყო მკაფიო სალომე ზურაბიშვილის იმ სურვილზე, რომ მან არჩევნებამდე ფაქტობრივად უნდა „დანიშნოს“ მომავალი პრემიერ-მინისტრი და თურმე მის მიერ შემოთავაზებული პიროვნება ყველა პარტიამ უსიტყვოდ და მორჩილად უნდა მოიწონოს. თურმე ეს წერია ქარტიაში” – ამბობს გიორგი ბარამიძე, და აღნიშნავს რომ „ქართულ ქარტიაში“ ასეთ რამ არ წერია და ეს არ არის ის, რაზეც პარტიები ქარტიის ხელმოწერით შეთანხმდნენ. „ამასთან ერთად, ყველას გავახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს ქალბატონი ზურაბიშვილისთვის ნდობის პოლიტიკური მანდატი არასდროს მიუცია, მით უფრო იმ სამწუხარო გარემოების გათვალისწინებით, რადგან იგი ჯიუტად არ ასრულებს თავის კონსტიტუციურ მოვალეობას და უკანონო პოლიტიკური პატიმრობიდან, პუტინის პირად ტყვეს პრეზიდენტ სააკაშვილს არ ათავისუფლებს. ასე რომ, ქალბატონი ზურაბიშვილის პოლიტიკური მხარდამჭერების მხრიდან ენმ-ს მიმართ საყვედურების საჯაროდ გამოთქმა, იმის გამო, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ქარტიის ტექსტის ისეთ ინტერპრეტირებას როგორც მათ აწყობთ და არ ვაპირებთ მათი პოლიტიკური გეგმების შესაბამისად მოქმედებას, არის არასწორი და მიუღებელი. ყველას მოვუწოდებთ, ამბიციები უკანა პლანზე გადავდოთ და ვკონცენტრირდეთ მართლაც ჩვენი ხალხისთვის უმთავრესზე – მოღალატეთა რეჟიმის 26-ში ხელისუფლებიდან მშვიდობიანად გაშვებაზე!” წერს გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში.