„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ დღეს საზღვარზე უკანონოდ გააჩერეს და საკითხის შესწავლას სახალხო დამცველს სთხოვს. როგორც უგულავა „ფეისბუქში“ წერს, მას სასამართლოს მიერ არანაირი შეზღუდვა დაწესებული არ აქვს, შესაბამისად, მისთვის გაურკვეველია, რატომ არ მისცეს საზღვრის გადაკვეთის უფლება. ის ნინო ლომჯარიას საქმის შესწავლას სთხოვს. ინფორმაციას პარტია „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
ამ განცხადებიდან მალევე საპასუხო განმარტება გაკეთდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან. უწყებაში მომხდარს ტექნიკური ხარვეზით ხსნიან და აცხადებენ, რომ საზღვრის კვეთაზე სასამართლომ უგულავას შეზღუდვა მოუხსნა, თუმცა, გადაწყვეტილება, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ მიუღია, შესაბამისად, ბაზაში მონაცემები უცვლელი დარჩა. აქედან გამომდინარე, გიორგი უგულავამ ვერ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი. ამ ეტაპზე მას ბაზაში შეზღუდვა არ უფიქსირდება და მას უფლება აქვს, გადაკვეთოს სახელმწიფო საზღვარი. უწყების ამ განცხადებას უგულავამ უპასუხისმგებლობა უწოდა.