ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ორი წელი გავიდა. მიუხედავად ქართული მხარის არაერთი მცდელობისა, მისი მკვლელის, რაშიდ კანჯი-ოღლის ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადმოცემა ამ დრომდე არ განხორციელებულა. გიგა ოთხოზორიას ოჯახი არამარტო კანჯი-ოღლის გადმოცემას, არამედ მკვლელობაში მონაწილე სხვა პირების დადგენასა და გასამართლებას ითხოვს და პასუხისმგებლობას რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს აკისრებს.
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს მოკლეს. სასამართლომ მისი მკვლელი დაუსწრებლად დამნაშავედ ცნო და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მიმდინარე წლის იანვარში ამ საქმეზე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. ასოციაცია საჩივარში რუსეთის მხრიდან ევროპული კონვენციის მე-2-ე და მე-13 მუხლებით გათვალისწინებული, სიცოცხლის და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლებათა დარღვევას ასაბუთებს.