გერმანიის ქალაქ მაინცში ნინო ხარატიშვილი გერმანული ენისა და მხატვრული სიტყვის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს. ქართველ მწერალს, დრამატურგსა და რეჟისორს კარლ ცუკმაიერის სახელობის მედალი გადასცეს. დაჯილდოების ცერემონია მაინცის სახელმწიფო თეატრში გაიმართა. სცენაზე ნინო ხარატიშვილის პიესიდან რამდენიმე ეპიზოდი გათამაშდა. ასევე მწერლის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმიდან მცირე ეპიზოდის ჩვენება შედგა. ფილმი გერმანულმა არხმა „არტე“ საქართველოში გადაიღო. 55-წუთიან დოკუმენტურ მასალას სრულად მაყურებელი გაზაფხულზე იხილავს. ღონისძიებაზე ნინო ხარატიშვილი მაია ფანჯიკიძემ წარადგინა, რომელმაც მწერლის ბოლო რომანი „უკმარი სინათლე“ ქართულ ენაზე თარგმნა. დაჯილდოების ცერემონიას ასეულობით ადამიანი დაესწრო და ფეხზე მდგომი უკრავდა ტაშს ქართველ მწერალს. ღონისძიების სხვა მნიშვნელოვან დეტალებს, ექსკლუზიურად, პირველი არხის მაყურებელი კვირას, 21:00-ზე, გადაცემაში „კვირის მოამბე“ ვრცელ რეპორტაჟში ნახავს.