გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესი

საქართველოს გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესი გრძელდება. მორიგ კანდიდატთან, დარეჯან ბუცხრიკიძესთან საპროკურორო საბჭოს წევრები გასაუბრებას რამდენიმე წუთში დაიწყებენ. მანამდე კი ისინი ლალი ბუნტურს თითქმის 2 საათის განმავლობაში უსმენდნენ. გენპროკურორების კანდიდატმა ისაუბრა პროკურატურაში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე. მისი თქმით, პროკურორები ვერ იღებენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და ხელმძღვანელობის დირექტივებს ელოდებიან, რაც არაჯანსაღია. მან ასევე ისაუბრა გაჭიანურებული გამოძიების პრობლემებზე. ასევე პროკურატურა ოჯახური ძალადობისა და არასრულწლოვანთა ძალადობაზე მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, ეს პოლიტიკა შეიცვლება.

11 კანდიდატიდან საპროკურორო საბჭომ სამი უნდა შეარჩიოს და პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს. საბოლოო გადაწყვეტილებას – ვინ გახდება მომავალი გენერალური პროკურორი, სწორედ საკანონმდებლო ორგანო იღებს.