დასკვნით ეტაპზეა „გემო ფესტის“ მოსამზადებელი სამუშაოები.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტის ფარგლებში ფესტივალი ამბროლაურში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ცენტრალურ პარკში 26-27 აგვისტოს გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს საშუალება ექნებათ შეიძინონ და დააგემოვნონ რაჭული და ლეჩხუმური კერძები. ფესტივალზე წარდგენილი იქნება ადგილობრივი ღვინო. მოეწყობა სამეწარმეო ბაზარი, მუსიკალური და გასართობი სივრცეები. ფესტივალი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით ტარდება. პროექტის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია და გასტრო-ტურიზმის განვითარება. პროექტის ფარგლებში გამოცდილი შეფმზარეულები რაჭისა და ლეჩხუმის სოფლებს ეწვივნენ და ფესტივალში მონაწილეობის მსურველებს კერძების შერჩევასა და ვიზუალურ გაფორმებაში დაეხმარნენ.