ათასობით ფარული მასალის გასაჯაროების შემდეგ საპატრიარქო პირველი ოფიციალური განცხადების გასაკეთებლად ემზადება და პარალელურად ხელისუფლებისგან განმარტებებს ელის.
გამოძიების დაწყებიდან მესამე დღეს ისევ არ ვიცით, ავთენტურია თუ არა და როგორ არის მოპოვებული და გავრცელებული, სავარაუდოდ სუს-ის ყოფილი თანამშრომლის სახელით გამოქვეყნებული ფაილები, რომლებიც სასულიერო პირების სატელეფონო საუბრების შინაარსს, პირად ურთიერთობებს და ინტერესებს მოიცავს. რეზონანსული საქმე, რომელმაც წინასაარჩევნოდ ყველა თემა გადაფარა, მწვავე პოლიტიკური ურთიერთბრალდებების და დისკუსიის საგნად რჩება. მოსმენებზე საუბრის დროს პრემიერმა დღეს მინიშნებები პირველად გააკეთა სხვა ქვეყნებზეც. ათასობით მასალის გავრცელებას ხელისუფლება ეკლესიის, მთავრობის და დიპლომატების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად აცხადებს, რომელშიც ოპოზიციის გარდა ყოფილი თანაგუნდელების მონაწილეობასაც არ გამორიცხავს. მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა წინამორბედს სააკაშვილის მარიონეტი უწოდა.