სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ დაკავებული საქართველოს შვიდი მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება და ე.წ. სასამართლო პროცესს ელოდება.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მათ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში სდებენ ბრალს. ე.წ. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ ჩაინიშნება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ცხელი ხაზის რამდენჯერმე გააქტიურების შემდეგ, გვიან ღამით დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლობასთან კომუნიკაცია შედგა. მათ საქართველოს შვიდი მოქალაქის დაკავება დაადასტურეს.
საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე გუშინ დააკავეს. დაკავებულები სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასული, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.