გასვლითი სხდომა დმანისში

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, დმანისში გასვლითი სხდომა გაიმართა. დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა სხდომის მსვლელობისას კომიტეტის წევრებს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის პოლიტიკის განხორციელების პროცესი და ამ მიმართულებით არსებული პროგრამები გააცნო.

კომიტეტის წევრები იმყოფებოდნენ დმანისის მერიის ახალგაზრდულ სივრცეში, დაათვალიერეს პროფესიული კოლეჯი „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია“ და სასწავლო პროცესს ადგილზე გაეცნენ. გარდა ამისა, პარლამენტის წევრებმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი „აბულმუგის“ სპარსული აბანო მოინახულეს, სადაც „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ წევრმა, ნინო ბურჭულაძემ დეპუტატებს კულტურული ძეგლის ისტორია გააცნო.