ოთხთვიანი შედარებითი სიმშვიდის შემდეგ საქართველოში კოვიდ-პანდემიის მესამე ტალღა დაიწყო.
სიტუაციას განსაკუთრებით ართულებს ის გარემოება, რომ ქვეყანაში აქტიურად ცირკულირებს ე. წ. ბრიტანული შტამი, რომელიც გადადების მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ინფიცირებულთა 30%-მდე წილი სწორედ ამ ახალ შტამზე მოდის, რის გამოც ეპიდემიოლოგები რეგულაციების აღსრულების კონტროლის გამკაცრებას ითხოვენ და მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. წინა კვირასთან შედარებით, 10-დან 17-მდეა გაზრდილი მსხვილი კლასტერების რაოდენობა, მკვეთრად მოიმატა კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელმაც. ამოქმედდება თუ არა ინფექციის სწრაფი გავრცელების შესაკავებლად ცოტა ხნის წინ მოხსნილი შეზღუდვები თავიდან – ამ საკითხზე საკოორდინაციო საბჭო სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.