სტიქიამდე ხეობაში წყლის შეგუბების რაიმე ფაქტი არ დასტურდება – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ კიდევ ერთ ანგარიშში. უწყების ცნობით, ამ ფაქტს მოწმობს მაღალი გარჩევადობის სატელიტური სურათები. სააგენტოში განმარტავენ, რომ გლაციოლოგიური და კლდეზვავური ხასიათის პროცესები თავისი ხასიათით კომპლექსურია და კლდეზვავური, მყინვარული მასების ჩამოშლის ზუსტი დროისა და ადგილის დადგენა შეუძლებელია.
სატელიტური მონაცემების საფუძველზე გაანალიზებული მასალიდან მკაფიოდ ჩანს, რომ მდინარე ბუბისწყლის ხეობაში, მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა დაახლოებით 500 000 კუბური მეტრი მოცულობის კლდეზვავური მასის ჩამოშლას. შედეგად მოწყდა დაახლოებით 62 ჰექტარზე გაშლილი მყინვარული მასა, რამაც მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება გამოიწვია, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.