ახალი გარემოებები შოვის დამანგრეველი სტიქიის გამომწვევ მიზეზებზე.
პირველადი დასკვნის შემდეგ ქვეყნდება გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი შეფასება. სიახლეა სატელიტით მოპოვებული ორი ფოტო, რომელთაგან ერთი სტიქიამდე, მეორე კი სტიქიური პროცესების განვითარების შემდეგ არის გადაღებული. როგორც გეოლოგები განმარტავენ, სურათები ამყარებს წინასწარ დასკვნას, რომლის მიხედვით 3 აგვისტოს შოვში ხუთი გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესი განვითარდა. ესენია მყინვარ ბუბაზე კლდეზვავური მასის ჩამოშლა, მყინვართან შეჯახება, მისი ნაწილის ჩამოშლა და სავარაუდოდ, მყინვარქვეშ დაგუბებული წყლის გადმოდინება, მეწყრული პროცესების განვითარება და საბოლოოდ დიდი მოცულობის ყინულოვანი მასის კურორტ შოვისკენ მაღალი სიჩქარით დაძვრა. სატელიტით მოპოვებულ ფოტოზე დაყრდნობით, გამოირიცხება სტიქიამდე ბუბას ხეობაში წყლის დაგუბებაც. გარემოს ეროვნულ სააგენტოს დღეს კიდევ ერთხელ მოუხდა განმარტების გაკეთება მთავარ კითხვაზე – შეიძლებოდა თუ არა მასშტაბური მეწყრულ-ღვარცოფული პროცესის პროგნოზირება და ადგილზე ადრეული გაფრთხილების სისტემის არსებობით სტიქიის უმძიმესი შედეგების პრევენცია.