საქართველოს რადიოს თანამშრომელი, არაერთი ცნობილი საავტორო გადაცემის წამყვანი, ლია ძიძიგური 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლია ძიძიგურის მოღვაწეობა ექვს ათეულ წელს ითვლის. საქართველოს რადიოში მუშაობისას მან ყველა პროფესიული საფეხური გაიარა. იყო არაერთი გადაცემის ავტორი და წამყვანი. მათ შორის აღსანიშნავია გადაცემები „გალერეა“, „კინო სხვადასხვა რაკურსით“ და „კინოფილმი უეკრანოდ“, რომლებსაც დაახლოებით 40 წლის განმავლობაში უძღვებოდა. ლია ძიძიგურმა თავისი გადაცემების წყალობით რადიოს ოქროს ფონდს უდიდესი ქართველი მოღვაწეების ხმები შემოუნახა.
ლია ძიძიგურის სამოქალაქო პანაშვიდი 30 აგვისტოს იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიაში გაიმართება.