ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე გაიხსნა მეათე მოწვევის პარლამენტის ბოლო საშემოდგომო სესია. გაიმართა პოლიტიკური დებატებიც. ამ ფორმატში მხარეებმა ერთმანეთი ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმაში დაადანაშაულეს. განსაკუთრებით მწვავე იყო პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა, რომელმაც ოპონენტები საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტისთვის გააკრიტიკა. ისმოდა განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების მნიშვნელობაზეც. საპასუხოდ ოპონენტებმა მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიას სიყალბე უწოდეს და მოქმედი ხელისუფლება ქვეყნის დასავლური კურსიდან გადახვევაში დაადანაშაულეს. პლენარული სხდომები პარლამენტში სექტემბრის ბოლომდე გაიმართება.