მოჰყვება თუ არა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის გარშემო პროტესტს სცენარი, რომელიც „მაიდნის“ სახელით არის ცნობილი.
საქართველოში არსებული ვითარების უკრაინაში 10 წლის წინ განვითარებულ მძიმე მოვლენებთან შედარება ბოლო პერიოდში გახშირდა. ამ კონტექსტში აქცენტი მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე კეთდება, რომელიც მმართველ გუნდთან დაპირისპირებულმა პრეზიდენტმა და ოპოზიციამ რეფერენდუმად გამოაცხადეს. ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ ცალკეული პირები მიანიშნებენ, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში რევოლუციური პროცესებია მოსალოდნელი. ბოლო ასეთი გზავნილი ამერიკის კონგრესში საქართველოს საკითხზე გამართული მოსმენისას ამერიკის ყოფილი ელჩის მხრიდან გაჟღერდა. უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან ასოცირების ხელშეკრულებაზე უარის საპასუხოდ 2014 წელს განვითარებული მძიმე პროცესების განმეორებაში პრობლემას ვერ ხედავენ ცალკეული პირებიც, რომლებიც ქართულ მესამე სექტორს წარმოადგენენ. სწორედ ამ რიტორიკის ფონზე ჩნდება კითხვა – რისთვის ემზადება პოლიტიკური სპექტრი შემოდგომაზე და რა გზით ესახებათ ხელისუფლების ცვლილებისთვის ბრძოლა.