2020 წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები ახალი სისტემით ჩატარდება. ეს არის ერთ-ერთი მთავარი სიახლე განათლების ახალი რეფორმიდან, რომელიც ახალდანიშნულმა მინისტრმა პრემიერთან ერთად წარადგინა.
სფეროს ხუთივე საფეხურზე გათვლილი დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წლიდან, მასწავლებლებისა და სკოლების დირექტორების ხელფასების ზრდა ეტაპობრივად დაიწყება, 2022 წლისთვის კი პედაგოგის საშუალო ანაზღაურება 1 500 ლარი იქნება.
რეფორმა მოსწავლის კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებაზე ორიენტირებული სისტემის დანერგვას, მასწავლებლების გადამზადებასა და უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელის შემოღებას გულისხმობს. იგეგმება პროფესიული სასწავლებლების რაოდენობის ზრდა, ასევე რამდენიმე პროექტი ქართველი მეცნიერების მხარდასაჭერად.
ახალი რეფორმა მომდევნო ხუთ წელზეა გათვლილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ალექსანდრე ჯეჯელავას დროს შექმნილ კონცეფციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა.
ოპონენტების ნაწილისთვის დღეს წარმოდგენილი რეფორმა დაგვიანებული და ზედაპირულია.