პარლამენტი განათლების მინისტრს მინისტრის საათის ფორმატში უსმენს. გიორგი ამილახვარმა საპარლამენტო ტრიბუნიდან უწყების გასული წლის საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. განათლების მინისტრის განცხადებით, პირველი ივლისიდან საჯარო სკოლებში სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება და წელსვე მასწავლებლებს კარიერული განვითარების სქემასაც შესთავაზებენ. გიორგი ამილახვარის თქმით, გასულ წელთან შედარებით, უწყების დაფინანსება 500 მილიონი ლარით გაიზარდა, რაც მასწავლებლების ხელფასების ზრდას და სასკოლო ინფრასტრუქტურას მოხმარდება. მისი თქმით, განათლების სისტემაში ყველა რეფორმა და გადაწყვეტილება შესაბამის კვლევებს დაეფუძნება. მინისტრის მოხსენების შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება. მინისტრის მოსმენას ბოიკოტის რეჟიმის გამო საპარლამენტო ოპოზიციის მხოლოდ მცირე ნაწილი ესწრება.