კორონავირუსის პანდემია, ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატს არ შეცვლის. გამოცდები, სავარაუდოდ, ივლისში ჩატარდება. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ეპიდემიოლოგიური სურათიდან გამომდინარე, თარიღმა აგვისტოში გადაიწიოს. სიახლე იქნება, რომ იმოქმედებს სპეციალური წესები – მათ შორის საგამოცდო ოთახებში აბიტურიენტების განლაგების კუთხით. მზად არის ის მოდელიც, რომლითაც წლის ბოლოს სკოლების მოსწავლეებში დისტანციური სწავლების შედეგად მიღებული ცოდნა უნდა შეფასდეს. ანტიკრიზისულ გეგმაში, რომელიც განათლების მინისტრმა დღეს წარმოადგინა, ყველაზე დიდი ნაწილი სწორედ დისტანციურ სწავლებას ეთმობა.
მარტიდან სკოლის მოსწავლეები განათლებას დისტანციურად იღებენ. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი შეასრულა საქართველოს პირველი არხისა და განათლების სამინისტროს ერთობლივმა უპრეცენდენტო პროექტმა – ტელესკოლამ, რომელიც ყველა კლასის მოსწავლეს, გაურჩევლად იმისა, აქვთ თუ არა ინტერნეტთან წვდომა, სატელევიზიო გაკვეთილებს სთავაზობს და სასკოლო პროგრამის ათვისებაში ეხმარება. კრიზისულ სიტუაციაში და მცირე დროში შექმნილი ტელესკოლის პოპულარულობა ყოველდღიურად იზრდება და ამას ინტერნეტ-სივრცეში ნახვების მაჩვენებელიც ადასტურებს. უკვე საერთაშორისო აღიარების მქონე პროექტის მასშტაბები იზრდება და ახალი სასწავლო სეზონიდან ის კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება.
პირველი არხი | განათლება