გამოკითხვა მაგისტრ მოსამართლესთან

არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე მოწმეთა გამოკითხვა გრძელდება. დღეს მაგისტრი მოსამართლის წინაშე ორი მოწმე გამოიკითხა. გამოძიების კითხვებს, უპასუხეს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, მარიამ დოლიძემ და ხატია დეკანოიძემ. როგორც მათ გამოკითხვის შემდეგ განაცხადეს, გამოძიების მიმართ ნდობა არ აქვთ, თუმცა პროკურატურას მიაწოდეს მათ ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები, რომელიც, მათი თქმით, არჩევნების გაყალბებაზე მიუთითებს. საპირისპირო მოსაზრება აქვთ საქმის პროკურორებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ გამოკითხვის დროს კონკრეტულ მტკიცებულებებზე საუბარი არ ყოფილა და გამოკითხულმა პირებმა საკუთარ ვარაუდებზე დაყრდნობით ისაუბრეს. მათვე თქმით, გამოძიების პროცესი გრძელდება და გამოიკითხება ყველა ის პირი, ვისაც საქმესთან რაიმე ტიპის შემხებლობა აქვს, მათ შორის ისინიც, ვინც დღევანდელ გამოკითხვაზე დასახელდნენ. არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე, გამოძიება, ცესკო-ს მიმართვის საფუძველზე დაიწყო და ის რამდენიმე კვირაა უკვე გრძელდება. გამოძიების ფარგლებში უკვე არაერთი მოწმე გამოიკითხა.