საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის გუშინდელ განცხადებას მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით, დღეს გამოხმაურებები მოყვა პოლიტიკურ სპექტრში.
ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ საელჩოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოსამართლეების სანქცირებაზე დამყარებულია კონკრეტულ მტკიცებულებებზე, რომლებიც საჯაროდ მოიპოვება. მათი განცხადებით, ახლა ხელისუფლების ვალდებულებაა, ამ გამოწვევას შესაბამისად უპასუხოს და შექმნას საგამოძიებო კომისია. უმრავლესობაში კი მიიჩნევენ, რომ სანქციების დაწესების ინიციატორი პირადად ელჩი დეგნანია. ხელისუფლებისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას იმ წყაროების სანდოობა, რაზე დაყრდნობითაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს.