საქართველო გამოხატვის თავისუფლების ინდექსით მსოფლიოს 50 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა, 11-წლიანი პროგრესით კი მე-9 ადგილზეა. ანგარიში „გლობალური ცვლილებების მონაცემთა ლაბორატორიამ“ ოქსფორდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მოამზადა და გამოაქვეყნა. დოკუმენტი ეფუძნება გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მასშტაბურ გამოკვლევას, რომელიც მსოფლიოს 179 ქვეყანასა და ტერიტორიას აერთიანებს.
საქართველომ დაიკავა მსოფლიო მასშტაბით 44-ე ადგილი. 2012 წელს ჩვენი ქვეყანა იყო 108-ე ადგილზე, ამ პერიოდში კი სარეიტინგო პოზიცია 64 ადგილით გაიუმჯობესა. შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 84,9% დაიმსახურა, რითაც გადაუსწრო ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ 13 სახელმწიფოს, ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანასა და სხვადასხვა მაღალშემოსავლიან ქვეყნებს: საბერძნეთს, პოლონეთს, უნგრეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, ხორვატიას, სლოვენიას, კვიპროსს, მალტას, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს, ალბანეთს, თურქეთს, ისრაელსა და სამხრეთს კორეას.
პროექტს უძღვება ხუთი მთავარი გამომძიებელი, 19 პროექტის მენეჯერი, 33 რეგიონული მენეჯერი, 134-ზე მეტი კოორდინატორი და 4 000-მდე ექსპერტი მსოფლიოს მასშტაბით.
ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ კვლევით პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის „გლობალური მმართველობის ინდიკატორები“ და ატლანტიკური საბჭოს „თავისუფლების ინდექსი“ ეფუძნება.