გამოძიება წინასაარჩევნო და არჩევნების დღეს ჩადენილ სავარაუდო დარღვევაზე

წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე საქართველოს პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში 47 სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. კერძოდ, არჩევნების გაყალბების, ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის, საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევის, ამომრჩევლის მოსყიდვის, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან წინასაარჩევნო აგიტაციისას ძალადობის და მუქარის, ნივთის დაზიანების და განადგურების კვალიფიკაციით. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიებების დაწყებას საფუძვლად დაედო ოპოზიციური და მმართველი პარტიების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და არასამთავრობო ორგანიზაციების მომართვები, ასევე, მედიით გავრცელებული ინფორმაციები. საგამოძიებო უწყებებში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საარჩევნო პროცესში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე ინფორმირებული და შემხებლობაში მყოფი პირების დაბარება და გამოკითხვა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მიმდინარეობს ვიდეომასალების შესწავლა და პირთა იდენტიფიცირება, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. აღსანიშნავია, რომ ცალკეულ შემთხვევებში პირები, რომლებიც საჯაროდ აცხადებენ, რომ ფლობენ ინფორმაციას და მტკიცებულებებს არჩევნების პროცესში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით, ამ დრომდე არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან. საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს მათ, დროულად გამოცხადდნენ საგამოძიებო სტრუქტურებში და ითანამშრომლონ, სწრაფი, ეფექტიანი და ობიექტური გამოძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად.“- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.