ბლოგერი ბექა ვარდოსანიძე ამ დრომდე სუს-ში გამოკითხვაზე რჩება.
„ალტ-ინფოს“ მხარდამჭერს იმ გამოძიების ფარგლებში კითხავენ, რომელიც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების მუხლით აღიძრა. გამოძიების ინფორმაციით, ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები ძალოვან უწყებებში, ასევე ტელეკომპანია „იმედში“ გაიგზავნა. საგამოძიებო მასალების მიხედვით, ელექტრონული ფორმით გაგზავნილ წერილებში ავტორად ბექა ვარდოსანიძეა მითითებული, დასახელებულია კონკრეტული ადგილებიც, სადაც, ტექსტების მიხედვით, ასაფეთქებელი მოწყობილობები იყო განთავსებული. სახლის და ავტოფარეხის ჩხრეკის შემდეგ ვარდოსანიძე გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით წაიყვანეს.
მოძრაობა „ალტ-ინფო“ ფაქტს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს.