შტატების მხრიდან სანქცირებული ფარცხალაძის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ყოფილი მთავარი პროკურორი სუს-ში უკვე გამოკითხეს. ამ ეტაპზე კი ის საქართველოში არ იმყოფება. ინფორმაცია ჯერ დეპუტატებს, შემდეგ კი მედიას უწყების ხელმძღვანელმა მიაწოდა. როგორც ირკვევა, ქართულმა მხარემ პარტნიორებს ფარცხალაძის დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები სანქციების დაწესებიდან მალევე მოსთხოვა, თუმცა უშედეგოდ. არ არის გამორიცხული მტკიცებულებების არ არსებობის გამო, გამოძიება საერთოდ შეწყდეს. ამერიკისგან დამატებით ინფორმაციას როგორც ფარცხალაძის, ისე სანქცირებული მოსამართლეების თაობაზე ითხოვს მმართველი გუნდი და იმედს გამოთქვამს, რომ პროცესში საკუთარ წვლილს, შტატების ახლად დანიშნული ელჩი შეიტანს.
მიმდინარე გამოძიებას უნდობლობას უცხადებს ოპოზიცია, რომელიც რუსულ სპეცსამსახურებთან ფარცხალაძის თანამშრომლობაში, მტკიცებულებების გარეშეც დარწმუნებულია.